გიგი უგულავა - ღმერთმა ნუ ქნას, ორი მხარე არ არსებობდეს, მაგრამ პასუხისმგებლობის 90 პროცენტი არის ხელისუფლებაზე
ჯორჯ კენტმა ცალსახად განმარტა ხელისუფლების ექსკლუზიური პასუხისმგებლობა კრიზისის შექმნასა და მის განმუხტვაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ვიმეორებ, რამდენი ხანიც ყელმოღერებული არ უნდა იძახოს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, რომ ორივე მხარეს მოუწოდებენ, დემოკრატია ასე მუშაობს, მეგობრებო, პასუხისმგებლობის 90 პროცენტი არის ხელისუფლებაზე და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ორი მხარე არ არსებობდეს, ორი მხარე მოსაწოდებელი არ არის ბელარუსში, საითკენაც მიემართება ეს. თუ ჯორჯ კენტი გვაინტერესებს, მან ცალსახად განმარტა ხელისუფლების ექსკლუზიური პასუხისმგებლობა კრიზისის შექმნაში და მის განმუხტვაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე. „დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის“, – აღნიშნა კენტმა.