გიგი უგულავა - ეუთო-ს დასკვნა არ წამიკითხავს, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, თუ სიყალბე დარჩება, მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ
არ წამიკითხავს, არ გავცნობილვარ, როცა გავეცნობი, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, მეორე ტურებიც სიყალბეა, რის გამოც ოპოზიცია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
„პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია. პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, არის შეუვალი და არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. დოკუმენტს არ გავცნობილვარ, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს ეს, თუ სიყალბე დარჩება და ჩვენ ვხედავთ სიყალბის გაფორმებას, მეორე ტურები არის ასევე სიყალბე, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ის ზუსტად იგივენაირი სიყალბეა, როგორიც ჩაატარა 31 ოქტომბერს. დანარჩენ დეტალებზე მაშინ გავაკეთებ კომენტარს, როცა დოკუმენტს გავეცნობი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელ პარლამენტარ პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.