გიგი უგულავა აცხადებს, რომ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას პოზიციას იზიარებს
გიგი უგულავა აცხადებს, რომ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას პოზიციას იზიარებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით იმავე პოზიციაზე რჩება, რაც პარტიის სახელით გიგა ბოკერიამ გააკეთა.

„მე ვერ ვისაუბრებ სხვა პარტიების სახელით. შემიძლია, მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ სახელით ვისაუბრო. ჩვენი სახელით განცხადება გააკეთა მხოლოდ გიგა ბოკერიამ, რომელსაც მე სრულად ვიზიარებ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, სასურველია, რომ ისეთ მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.

„მე და ჩვენი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ, უბრალოდ წუხილი გამოვთქვით და შევედით მის მდგომარეობაში, რომ თარგმანში დაკარგული იყო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ ხოლმე და მას ეს არ ეყო. არაუშავს, ყველას მოსდის. სასურველია, რომ ისეთი მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფრონტაცია, პოლიტიკური დებატების ცენტრში აღმოჩენა, არ არის ელჩების როლი. უმჯობესია ყველასთვის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, მეტი გამოცდილება. ამას ვგრძნობ მის მიმართ თანაგრძნობით და სიმპათიით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.