გიგანტური „დემონი იხვები“ ევოლუციის ნამდვილ ექსპერიმენტს წარმოადგენდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მაშინ, როდესაც ავსტრალიის უძველესი მიწაზე გიგანტური ჩანთოსანი ვომბატები, ცხვრის ზომის იქედნეები და ჩანთოსანი ლომები დააბიჯებდნენ, მათ გვერდით ბინადრობდნენ გიგანტური, არამფრენი ფრინველებიც. ზოგჯერ მათ „საბედისწერო დემონ იხვებს“ უწოდებენ, ოფიციალურად Dromornis stirtoni ჰქვია, პალეონტოლოგი ტრევორ ვორთი კი მათ „ექსტრემალურ ევოლუციურ ექსპერიმენტს“ უწოდებს.
„როგორც ჩანს, ეს გიგანტური ფრინველები ევოლუციამ მაშინ წარმოშვა, როდესაც ავსტრალიის გარემო პირობებში ფრინველებს თავისუფალი ბატონობა უბოძა“, — განმარტავს ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევარი ტრევორ ვორთი.
მართალია, მათი თავის ქალები მხოლოდ იშვიათ ადგილებშია აღმოჩენილი, მაგრამ როგორც ნამარხები მიუთითებს, ეს „მიჰირუნგები“ (ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „გიგანტურ ფრინველს“) წარმოუდგენლად დიდხანს, 25 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ.
ზოგიერთი სახეობა დაახლოებით კაზუარის ზომის იყო, ზოგიერთი კი ნახევარ ტონამდე აღწევდა; ჰქონდათ მასიური ნისკარტი, რომლითაც მცენარეულ საკვებს შეექცეოდნენ.
ასეთი უზარმაზარი ნისკარტის გამო, ამ უაზროდ გაბერილ ჩიტებს საკმაოდ გამრუდებული თავის ქალა ჰქონდათ.
„კუნთების განთავსებისთვის, თავის ქალა სიმაღლესა და სიგანეში მეტი იყო, ვიდრე სიგრძეში და შესაბამისად, თავის ტვინი მასში ჩატენილი და გაბრტყელებული იყო, რათა ჩატეულიყო“, — ამბობს ვორთი.
ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ვორთიმ და ფლინდერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა უორენ ჰენდლიმ გიგანტური იხვების თავის ქალების ნამარხებიდან მანამდე უცნობი დეტალების გარკვევა შეძლო: 24 მილიონი წლის წინანდელი Dromornis murrayi; 12 მილიონი წლის წინანდელი Dromornis planei და Ilbandornis woodburnei; და 7 მილიონი წლის წინანდელი D. stirtoni.
შედეგად, მეცნიერებმა მათი ისეთი თვისებები გამოავლინეს, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამ ფრინველთა ცხოვრების შესახებ.
„დიდ, წინ მიმართულ თვალებთან და ძალიან დიდ ნისკარტთან ერთად, მათი თავის ტვინისა და ნერვების ფორმა მიუთითებს, რომ ამ ფრინველებს სავარაუდოდ უნდა ჰქონოდათ კარგად განვითარებული სტერეოსკოპური მხედველობა, ანუ სიღრმისეული აღქმა და იკვებებოდნენ რბილი ფოთლებითა და ხილით“, — განმარტავს ჰენდლი.
კვინზლენდსა და ჩრდილოეთ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამარხების კომპიუტერული ტომოგრაფიით მეცნიერებმა თავის ტვინის მოდელები შექმნეს და შემდეგ, ისინი თანამედროვე ფრინველებისას შეადარეს, რათა მეტად გაერკვიათ მათი ურთიერთობა.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფრინველები დაკავშირებული ყოფილიყვნენ ამჟამინდელ შინაურ ფრინველებთან — ქათმებთან და იხვებთან“, — ამბობს ვორთი.
ჯგუფის აზრით, ამ გიგანტურ ფრინველთა ევოლუციის ადრეულ პერიოდში ავსტრალიაში არსებულმა ტყიანმა პერიოდებმა მათ ადაპტაციური სტრესი შეუქმნა დიდად განვითარებული მხედველობის ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ კომპლექსურ ტყიან გარემოში გადაადგილების საშუალებას აძლევდა.
როგორც ჩანს, ამის შემდეგ, გვიან პლეისტოცენში, ამ არამფრენმა გიგანტებმა ეს უნარები ავსტრალიის კლიმატის გაშრობას მოარგეს, წყალსატევების ირგვლივ ტყიანი ადგილების შემცირებასთან ერთად, მათი რაოდენობაც შემცირდა და უკვე ახლად გამოჩენილ ადამიანთა გარემოში უწევდათ არსებობა.
სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ამ უნიკალურ არსებათა გაქრობის მიზეზი 50 000 – 20 000 წლის წინ.
როგორც მკვლევრები პუბლიკაციაში წერენ, მათი თავის ქალისა და ენდოკრონული მორფოლოგია რაღაც ისეთია, რომლისთვისაც ევოლუციურად არც ერთ სხვა ფრინველს არ მიუღწევია და ასახავს განსხვავებულ ადაპტაციებს ავსტრალიის მუდმივად ცვალებადი გარემოს მიმართ.
კვლევა ჟურნალ Diversity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.