პინგვინის ყველა სახეობის წინაპარი დედამიწის დაკარგულ კონტინენტ ზელანდიაზე ბინადრობდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პინგვინის ყველა სახეობის წინაპარი დედამიწის დაკარგულ კონტინენტ ზელანდიაზე ბინადრობდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დედამიწამ მერვე კონტინენტი, სახელად ზელანდია, შორეულ წარსულში დაკარგა. დაახლოებით 50-35 მილიონი წლის წინ, ის ზღვაში ჩაიძირა. დღეისათვის ვიცით, რომ წყლის ზემოთ დარჩენილ მის მცირე ნაშთს წარმოადგენს ახალი ზელანდია.

თუმცა, იქამდე, ვიდრე ზელანდიის დიდი ნაწილი გაუჩინარდებოდა, დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ, 5,18 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის კონტინენტზე უძველესი პინგვინები დააბიჯებდნენ. უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი აღმოჩენის წყალობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყველა თანამედროვე პინგვინი ზელანდიის უძველეს ფრინველთა შთამომავალია.

პინგვინთა გადაშენებული სახეობის ახლად აღმოჩენილი ნამარხები გვთავაზობს გადამწყვეტ, ამ დრომდე ნაკლულ რგოლს უძველეს და თანამედროვე პინგვინებს შორის.

წინა თვეში მკვლევრებმა გვამცნეს, რომ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე აღმოაჩინეს საკმაოდ კარგად შენახული, სამი მილიონი წლის წინანდელი ნამარხები, მათ შორის თავის ქალა და ფრთის ძვალი. დაადგინეს, რომ ძვლები ეკუთვნის ქოჩორა პინგვინების აქამდე უცნობ სახეობას, რომელსაც მათ Eudyptes atatu უწოდეს.

კვლევის ავტორის, ახალი ზელანდიის მესის უნივერსიტეტის ზოოლოგის, დენიელ ტომასის განცხადებით, აღმოჩენა მნიშვნელოვან ცნობას გვაძლევს იმის შესახებ, რომ ახალი მილიონობით წლის წინ, ზელანდია შეიძლება ზღვის ფრინველების ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი ყოფილიყო.

ეს პერიოდი კი იმაზე გაცილებით შორეულ წარსულს ეკუთვნის, ვიდრე მკვლევრები აქამდე ფიქრობდნენ; ტომასის თქმით, წინა კვლევებით მიუთითებდა, რომ ქოჩორა პინგვინები ახალ ზელანდიაში დაახლოებით 7000 წლის წინ ბინადრობდნენ; ახალი ქრონოლოგია კი მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, პინგვინები სწორედ ამ რეგიონში გაჩნდნენ.

„ვვარაუდობთ, რომ ახალი ზელანდია სავარაუდოდ ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ ყველა ქოჩორა პინგვინის, არამედ ყველანაირი პინგვინის ადრეული წინაპარი ბინადრობდა“, — ამბობს ტომასი.

ამჟამად ახალი ზელანდია პინგვინების 13 სახეობის სამშობლოა. უფრო ფართოდ კი, ეს კუნძულოვანი ქვეყანა მიჩნეულია „მსოფლიოს ზღვის ფრინველთა დედაქალაქად“. ზღვის ფრინველების 80 ადგილობრივი სახეობის მესამედი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.

გადაშენებული E. atatu-ს ნამარხები რეგიონ ტარანაკის სანაპირო რეგიონებში, ქანებში განმარხებული იპოვეს. ისინი ადგილობრივმა შემგროვებლებმა აღმოაჩინეს, შემდეგ კი ახალი ზელანდიის ტე პაპა ტონგარევას მუზეუმის მკვლევრებს აცნობეს.

მას შემდეგ, რაც ანალიზებით დადგინდა, რომ ნამარხების ასაკი დაახლოებით სამი მილიონი წელია, მკვლევრებმა ნამარხი ძვლები ამჟამინდელი ქოჩორა პინგვინებისას შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ უძველესი პინგვინი ძალიან ჰგავდა დღევანდელ ქოჩორა პინგვინებს, თუმცა ჰქონდა უფრო მოხდენილი ნისკარტი.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მისი კვების რაციონი განსხვავდებოდა თანამედროვე „ბიძაშვილთა“ რაციონისგან, რომელიც ძირითადად პატარა თევზების, კრილების (ზღვის წვრილი კიბო) და კიბოსნაირებისგან შედგება.

შესაბამისად, E. atatu შეიძლება ამავე დროს იყოს დღევანდელი ქოჩორა პინგვინების გარკვეულ სახეობათა წინაპარი ან მონათესავე სახეობა საერთო წინაპრით.

ანალიზებით მიღებული ინფორმაცია მკვლევრებმა შეიტანეს პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც ნამარხების მონაცემებსა და სხვა ინფორმაციებს სახეობის ყველაზე სავარაუდო წარმოშობის ადგილისა და მიგრაციის მახასიათებლების დასადგენად იყენებს. სწორედ ამ სიმულაციამ ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ყველა თანამედროვე პინგვინი დიდი ალბათობით მომდინარეობს ზელანდიის ბინადარი ერთი და იგივე წინაპრისგან.

E. atatu ზელანდიის კონტინენტის ჩაძირვიდან ათეულობით მილიონი წლის შემდეგაც ცხოვრობდა ახალ ზელანდიაში. თუმცა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ მისი წინაპარი დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პინგვინები კონტინენტზე მაშინაც ბინადრობდნენ, როდესაც მისი დანარჩენი ნაწილი ზღვის დონის მაღლა იყო.

ეს უძველესი პინგვინი სავარაუდოდ უზარმაზარი იყო. 2017 წელს მკვლევრებმა იპოვეს პრეისტორიული „მეგა-პინგვინების“ ნამარხები, რომელთა სიმაღლეც 164 სმ უნდა ყოფილიყო, წონა კი 220 კგ.

კონტინენტი ზელანდია ზომით ავსტრალიის ნახევარი უნდა ყოფილიყო და მისი უმეტესი ნაწილი ამჟამად ზღვაში 1066 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული. გარდა პინგვინებისა, ერთ დროს ამ კონტინენტზე ასევე ბინადრობდნენ დინოზავრები და გადაჭიმული იყო ტროპიკული ტყეები.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი