გიგა ოთხოზორიას საფლავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს.
ალექსანდრე მოწერელია ოთხოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდა და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ უმძიმესი ფაქტიდან ოთხი წელი გავიდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
როგორც ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ აღნიშნა, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან ქვეყანაში განხორციელებულ ქმედებებს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამთლიანებული საქართველო, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.