რატი ბრეგაძე - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით
რატი ბრეგაძე - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ეს წარმატება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მსიივე თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ჩართული იყო მესამე მხარედ და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში.

ამასთან, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი, ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე და საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი.

„სულ ცოტახნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე და დღეს სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, დადგინდა სიცოცხლის უფლების დარღვევა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დამსახურება საქართველოში მომუშავე იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მტკიცებულებების მოძიების საქმეში, რამაც, როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენს საერთაშორისო არენაზე არაერთი წარმატება მოგვიტანა. კონკრეტულად ამ საქმეს რაც შეეხება, სახელმწიფო ჩართული იყო მესამე მხარედ და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და ეს წარმატებაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, ეს არის სამართლებრივი პროცედურები. რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, შედარებით გართულებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავატარებთ ყველა ღონისძიებას, რათა სამართლიანობა დადგეს და თითოეული ადამიანის უფლებები იყოს სრული მოცულობით აღდგენილი. დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმი ცდილობს, ქართველებისთვის ეროვნების, გვარების შეცვლას და მათი ეროვნების არა ქართველად, არამედ აფხაზებად გადაკეთებას. ცენტრალური ხელისუფლების პასუხი როგორი შეიძლება, იყოს, ასევე რა შეუძლია საქართველოს მთავრობას და რატომ პასუხობს რუსეთი ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ასეთი ნაბიჯებით“, რატი ბრეგაძემ განაცხადა:

„ეს ყველაფერი არის ოკუპაციის შედეგი და რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, იქ ხდება არაერთი დანაშაული, სამწუხაროდ. აქ ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, რომლისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ამ დანაშაულების როგორც გამოძიების, ასევე შესაბამისი შესაძლო დანაშაულების როგორც გამოძიების, ასევე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ ფორმატში გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა დააკისრა და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო.