გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წლისთავზე ოჯახი და ახლობლები მის საფლავზე შეიკრიბნენ
საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მის საფლავზე შეიკრიბნენ. ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა.
ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ოჯახი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.
საფლავზე, ხელისუფლების, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუსწრებლად რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.