გიგა ჩხარტიშვილი - ნათია ზოიძის განცხადებაში ბევრი ლოგიკური წინააღმდეგობაა, მსჯელობა ვარაუდებსა და ემოციებს ეფუძნება
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ღია წერილს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა ასევე წერილით უპასუხა.
ნათია ზოიძემ მაუწყებლის მრჩეველები მთავრობის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა, ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს და არჩევნებს კი პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
ნათია ზოიძე ასევე ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრმა „ქართული ოცნების“ კვოტით, გიგა ჩხარტიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზოიძე მუშაობს მაუწყებელში – „ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე“, – წერს ნათია ზოიძე.
გიგა ჩხარტიშვილის წერილს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნათიას განცხადება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მინდა, აღვნიშნო, რომ მეც და ვფიქრობ, საბჭოს სხვა წევრებიც, ქალბატონ ნათია ზოიძეზე გაცილებით მაღალი წარმოდგენის ვართ, ვიდრე მისი განცხადების პათოსს შეესაბამება. ქალბატონი ნათიას განცხადებაში არის ბევრი ლოგიკური წინააღმდეგობა და მსჯელობა და მხოლოდ ვარაუდებსა და კონკურსის შედეგებით გამოწვეულ ემოციებს ეფუძნება.
გაურკვეველია, თუ პროცესი მართული იყო, მაშინ რატომ მიიღო მონაწილეობა ქალბატონმა ნათიამ მასში ან რატომ არის ნათიას წარუმატებლობა კონკურსში ლაკმუსის ქაღალდი პროცესისთვის. საინტერესოა, რატომ გახდა პროცესი დისკრედიტებული მხოლოდ ახლა, როდესაც ყველა კონკურსანტისთვის არასასურველი შედეგი დადგა.
ვფიქრობ, სხვა კონკურსანტებსაც ძალიან კარგი კონცეფციები და ხედვები ჰქონდათ, საკმაოდ წარმატებით და დამაჯერებლად მოახერხეს საკუთარი თავის წარმოჩენა, შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, რომ ნათია ზოიძის ხედვა იყო მკვეთრად გამორჩეული, დიდი უსამართლობა იქნება სხვა კანდიდატების მიმართ.
რაც შეეხება ნათია ზოიძისადმი ჩემს მიერ გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვას, ვფიქრობ, მას უნდა ჰქონოდა ლოგიკური პასუხი, ხოლო შეკითხვები არ უნდა აღიზიანებდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აქვს. ამასთანავე, როგორც მახსოვს, იგივე ტიპის სამართლებრივი შეკითხვა ჰქონდათ საბჭოს სხვა წევრებსაც და ეს სრულიად ლოგიკურია იმ სტრუქტურიდან და დებულებიდან გამომდინარე, რომელიც მაუწყებელს გააჩნია.
მართალია მე არ მეხება ნათიას განცხადება ვიღაც პირების მიგზავნაზე, ალბათ ეს მოსაზრება კონკურსის დისკრედიტაციას უფრო ემსახურება. სრულიად გაურკვეველია, თუ რატომ ამბობს ნათია ზოიძე ამას ახლა, როდესაც ეს კონკურსი ჩაიშალა. ვფიქრობ, რომ მედიასტანდარტები, პროფესიული და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მას ავალდებულებდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ამბავი ეთქვა მანამდე და საჯარო გაეხადა ეს ინფორმაცია. პოსტფაქტუმ მსგავსი განცხადებები, თან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ კონკურსის დისკრედიტაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.
ქალბატონი ნათია პროცესს აფასებს როგორც „ფარსს“. საინტერესოა, ასეთ შეფასებას თუ დაიმსახურებდა კონკურსი, თუკი ის თავად მოიპოვებდა მრჩეველთა საბჭოს ნდობას. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება იმ მენეჯერისგან, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებია დამოკიდებული და რომელზეც დელეგირებულია დირექტორის სრული პასუხისმგებლობა. ასეთი ტიპის შეფასებითი საუბარი, თან ყოველგვარი დასაბუთების, არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, აზიანებს მაუწყებელთან დაკავშირებულ ყველა პროცესს, არყევს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისადმი არსებულ მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის იმიჯს.
და ბოლოს, არ შემიძლია, არ შევნიშნო ნათია ზოიძის განცხადებაში არსებული პასაჟი, თითქოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ისტორიაში მოქალაქეები პირველად ფლობენ ტრიბუნას. ეს არის იმ ხალხის შეურაცხყოფა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ და მანამდე მუშაობდნენ ტელევიზიასა და რადიოში. ცნობისათვის შევახსენებდი ნათია ზოიძეს, რომ მის მიერ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტებში 2003-2004 და 2005-2008 წლები მითითებულია, როგორც ამავე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, ბოლო პერიოდი (2005-2008) კი ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, შესაბამისად, თუ მოქალაქეები პირველად ფლობენ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ტრიბუნას, ამაში მისი ბრალეულობაც და პასუხისმგებლობაც არის“, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი.