გიგა ბოკერია - წინა ხელისუფლების დროს არსებული პრობლემა კი არ აღმოიფხვრა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, რაღაც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ დადებით
ივანიშვილის პროპაგანდისგან მორიგ ჯერზე ეს სამარცხვინო ამბავი, საუბარი რაღაც ძალადობრივ გეგმაზე, იმდენად მომაბეზრებელი გახდა, დასაცინი იქნებოდა, რომ არა გაყალბებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ჩანაწერებს.
ბოკერიას განცხადებით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია.
მისივე თქმით, ეს სიბინძურის წახალისებაა ისევე, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება და შემდეგ ამაზე მედიის დღისწესრიგის აგება.
„მიმაჩნია, რომ ივანიშვილის პროპაგანდისგან მორიგ ჯერზე ეს სამარცხვინო, ფილმ „ზაზუნას დღის“ მსგავსი ამბავი, საუბარი რაღაც ძალადობრივ გეგმაზე იმდენად მომაბეზრებელი გახდა, დასაცინი იქნებოდა, რომ არა ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქვეყნის შიგნით. თუმცა ამ ვითარებაში ის ფაქტი, რომ პროპაგანდა ამ მეთოდს მიმართავს, ძალიან ნიშანდობლივია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მისი პროპაგანდის ორგანოები. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით მორალურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოვაქციოთ ისინი და შემდეგ ამ პროტესტის შედეგად, მოვახდინოთ მათი მშვიდობიანი ჩანაცვლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არანორმალური ვითარება კიდევ უფრო გაღრმავდება. ასეთი რეჟიმები, ვინც თავიდანვე ავტორიტარიზმისკენ იყო მიდრეკილი და შემდეგ კიდევ უფრო აგრესიულ ფაზაში გადადის, სხვა მეთოდს აღარ ცნობს, თუ არა ასეთი ბოდვის პროპაგანდას.
ნებისმიერი ამ ტიპის ჩანაწერიდან გამომდინარე, ის, რომ ამის პროპაგანდირება ხდება, არის ამ ტიპის მეთოდების წახალისება. არავის მორალს არ გიკითხავთ, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება და ამაზე მედიის დღისწესრიგის აგება, ჩემი აზრით, ესეც ასეთი სიბინძურის წახალისებაა, რომელიც მერე ყველას წინ გვხვდება, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. წლებია, ამ მეთოდის ბრძოლა მიმდინარეობს.
ამ სიბინძურეს, ზოგჯერ სრულ ფაბრიკაციას, ზოგჯერ ნახევრად, ავრცელებენ ამ ბინძური მეთოდით და ყველა, ვინც ამ მეთოდით გავრცელებული მონაცემების ტირაჟირებას და ამაზე პროპაგანდის კაპიტალიზაციას ახდენს, სამწუხაროდ, ამის თანამონაწილე ხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
„პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის საკუთარი გუნდის შიგნით, უბინძურესი ფორმით გამოიყენება მთელი ამ წლების განმავლობაში, მთელი საზოგადოებისთვის რაღაც დამცინავი ფორმით, რაღაც უკრაინულ ვიკილიქსზე დადებით. მერე აქ პროპაგანდისტული ორგანოები ამას აიღებენ და გამოძიებაც იწყება ხოლმე. სამარცხვინო ამბავია, ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, აღარასდროს უნდა განმეორდეს საქართველოში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.