გიგა ბოკერია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ შეზღუდვებს გაუაზრებელსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ შეზღუდვებს გაუაზრებელსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა იქნება, რის საფასურსაც ქვეყანა გადაიხდის.
„ეს არის მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ყოველგვარი წნეხი, შემსუბუქების გარეშე, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის იქნება დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც მომავალში კიდევ გადავიხდით. დეტალებშიც არ შევალთ, საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია. ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს, ამ ხალხმა არაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს მთელი ქვეყანა ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფასად იხდის. სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიკური არარაობები, კლოუნების გარემოცვა მართავენ ქვეყანას, რადგან არც უნარი და არც რწმენა არ აქვთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ მწყობრი გეგმა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამკლავებოდა ქვეყანა შექმნილ კრიზისს.
„ჩვენ თავიდანვე გვქონდა მწყობრი ხედვა და გეგმა. მთავარი გამოწვევა სამედიცინო სფეროა, რომ გაზრდილ გამოწვევას გაუძლოს. ელემენტარული რაღაცები იყო გასაკეთებელი, კოვიდსაწოლების დამატება, კოვიდის და არაკოვიდის დაწესებულებების გამიჯვნა, ცხელი ხაზის რესურსის გაზრდა, სამედიცინო პერსონალის მომზადება. ზოგ ქვეყანაში სტუდენტებიც კი გამოიყვანეს.
თან ეს ხალხი უტიფრად ამბობს, პრობლემა თითქმის არ გვაქვსო, მეორე მხრივ, ყოველდღე ვიგებთ ამბებს, რომ ხალხს საავადმყოფოებში არ იღებენ. ამავდროულად ლაპარაკობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვაზე, რომელიც უბრალოდ ეკონომიკას დაარტყამს და ჩვეულებრივი მოქალაქეების მომავალს გაანადგურებს.
რაც შეეხება ეკონომიკას, აქ უკვე რამდენი ხანია, მყარი და გათვლილი გეგმა ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“. ეს არის მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის წნეხის არსებითად შემსუბუქება და არა რაღაც სელექციურად გადავადება და სფეროების გამოყოფა, რაც საერთო ჯამში, ქვეყანას არ უშველის. არც ერთი მიმართულებით არ დგამენ ნაბიჯებს. ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან რამდენი ხანიც გაგრძელდება ეს უტიფარი პოლიტიკა, ჩვენი ქვეყანა იმდენი ხანს გადაიხდის ამის ფასს, ჩვეულებრივი მოქალაქეები და ყველა ჩვენგანი“, – განაცხადა ბოკერიამ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.