გიგა ბოკერია - საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ კენჭისყრებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ შეთანხმება არ შესრულდება
საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ კენჭისყრებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია შეთანხმების შესასრულებლად, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც დაიდო ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პირველ და მეორე მოსმენას შორის არსებითი განსხვავებაა, პირველი მოსმენის ჩავარდნა გამოიწვევს პროცესის საბოლოო გაყინვას.
„ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი, მინიმუმ რამოდენიმე დღის დრო, რომ არც თავის თავი დაღუპოს პოლიტიკურად, პერსონალურად და მეორეს მხრივ, ქვეყანას არ მიაყენოს დამატებითი ზიანი. პირველი მოსმენის კენჭისყრაში ჩვენი მონაწილეობა მას აძლევს ამის შანსს. შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია შეთანხმების შესასრულებლად, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც დაიდო ქართული საზოგადოების და საქართველოს მეგობრების წინაშე. არსებითი განსხვავებაა პირველ და მეორე და მესამე მოსმენებს შორის, პირველი მოსმენის ჩავარდნა გამოიწვევს პროცესის საბოლოო გაყინვას, ჩვენ ამ სცენარისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს არის ცუდი სცენარი ქვეყნისთვის. ჩვენ ვაძლევთ შანსს, რომ ეს ცუდი სცენარი ქვეყნისთვის არ განხორციელდეს. დანარჩენი არის ივანიშვილის ხელში, მას შეუძლია, თავიც დაიღუპოს და ქვეყანას მიაყენოს ზიანი ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია, ჩვენი, მათი, მისი პირადად და საქართველოს ყველა მოქალაქის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას ცვლან და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ.