გიგა ბოკერია - საარჩევნო პროცესი დასრულებული არ არის, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება
პროცესი არ დასრულებულა, არჩევნების საბოლოო სურათი ხმების დათვლის შემდეგ დადგება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიამ საარჩევნო უბნებზე მყოფ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მოუწოდა, ბოლომდე იმუშაონ.
„მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც თავისუფალი ნება გამოხატა და მივიდა საარჩევნო უბნებზე, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეფასებების გაკეთება დღეს აბსოლუტურად შესაძლებელია, საარჩევნო პროცესი დასრულებული არ არის, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება. მინდა, მოვუწოდო ჩვენი პარტიის ყველა წარმომადგენელს და ყველა პატიოსან ადამიანს, ვინც საარჩევნო უბნებზე არის, ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ, რა პირობებიც არ უნდა იყოს და მაქსიმალურად დავიცვათ სტანდარტი დემოკრატიის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ამ უმძიმესი პოლიტიკის, ქმედებებისა და ნაბიჯების ფონზე, იმ უმძიმესი ფონის შემდეგ, რაც განსაკუთრებით პირველი ტურის შემდეგ იყო, ვიხილეთ ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამ ფუნდამენტური უფლების ფეხქვეშ გათელვა, კომბინაციაში შავი ფულის მასობრივ ბრუნვასთან, ძალადობასთან და დაუსჯელობასთან, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებით პირების მასობრივ გამოყენებასთან ერთად“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი შეფასებით, ყოველივე ამან უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც საზოგადოების მომავლის წინაშე დგას.