გიგა ბოკერია - მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, მაგრამ ძალიან მწვავედ და დასრულდება ივანიშვილის მარცხით
მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, მაგრამ ძალიან მწვავედ და დასრულდება ივანიშვილის მარცხით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აშშ-ის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან იყო მიღება, სადაც პოლიტიკური გზავნილები არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ბოკერია ამბობს, ელჩს გიგი უგულავას საკითხზე ინფორმაცია ჰქონდა.
„ეს არის მიღება ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქ არ კეთდება გზავნილები. კარგია, რომ ამერიკის ელჩი გვყავს. მას ბუნებრივია, ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. ხვალ შევიკრიბებით და გეტყვით, როგორ გაგრძელდება პროცესი. პროტესტი გაგრძელდება, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავედ და დასრულდება ივანიშვილის მარცხით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.