გიგა ბოკერია - მედიის ჩხრეკისა და მათი წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე გადაწყვეტილება აჩვენებს, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა
გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროგრესული საიდუმლოების წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სახეზეა, როგორ მოქმედებს დღეს სასამართლო, რაც კიდევ ერთი სიგნალია, რომ საზოგადოებას რამდენად საშიშ რეჟიმთან აქვს საქმე.
„მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიურ ვითარებებში კი არა, მიმსგავსებულ ვითარებებში სამთავრობო პროპაგანდა უბინძურეს მასალებს ავრცელებდა, მართლაც ფაბრიკაციებს, რაც შემდგომში გაირკვა ან ისეთ მასალებს, რომლებიც საჯარო ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენდა, დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროგრესული საიდუმლოების წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე.
არც ერთ სხვა ვითარებაში არაფერი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით, რომელიც მოწოდებულია მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად. ძველი ფილმი იყო ერთი, „პრინცის ოჯახის ღირსება“, ორგანიზებული დანაშაულებრივი, მაფიოზური ოჯახის ღირსებას ეხებოდა და მთელი ჩვენი სახელმწიფო მანქანა არის მოწოდებული მხოლოდ ამ „ღირსების“ და ივანიშვილის ღირსების, სახელმწიფო თანამდებობების დასაცავად. ამას გარდა, მინდა, უბრალოდ გაგაცნოთ, კანონმდებლობის როგორი დარღვევით არის გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია ერთი მთავარი მუხლი, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება, დაეკისროს კონფიციდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია, რაიმე იყოს ნათქვამი. აბსოლუტური პრივილეგია ამავე კანონში განმარტებულია, როგორც სრული დაცვა ანუ გამონაკლისების გარეშე, რაც აქვს მედიას. ამას გარდა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ 41-ე მუხლს, საქმისთვის მნიშვნელოვანი მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტების გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირ უგულებლყოფითა და მათი დარღვევით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, მომავლისთვის და არა მარტო მედიისთვის, როგორ საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.