გიგა ბოკერია - მძიმე შეცდომის მიუხედავად, „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია შეუბღალავია
ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და მოლაპარაკებების დროს შესთავაზა ოპოზიციას, მოდი, „სამართლიანი არჩევნების“ პროტოკოლებს ჩავხედოთ და შევამოწმოთ, თუ გაირკვა, რომ შეცდომებაა, მაშინ შემოდით პარლამენტში, თუ არა, ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებო, დაახლოებით ეს იყო გზავნილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია მიიჩნევს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ტექნიკური შეცდომის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამ ზეწოლის შედეგად ან უკანონო მიყურადების გზით მოიპოვა.
ამასთან, ბოკერიას აზრით, მიუხედავად მძიმე შეცდომისა, „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია შეუბღალავია.
,,ორი საკითხია ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი. პირველი, თვითონ ის, როგორც მოხდა ყველაფერი და როგორ განვითარდა მოვლენები. ის, რომ ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და მოლაპარაკებების დროს ,,შესთავაზა“ ოპოზიციას, მოდი, „სამართლიანი არჩევნების“ პროტოკოლებს ჩავხედოთ და შევამოწმოთ, თუ იქ გაირკვა, რომ შეცდომებია, მაშინ შემოდით პარლამენტში, თუ არა, მაშინ ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებო, დაახლოებით ეს იყო გზავნილი. მახეს უგებდა ოპოზიციას და აქედან ლოგიკურია დაკსვნის გაკეთება, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტექნიკური შეცდომის არსებობის შესახებ. აქედან მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნა არის, რომ „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია მიუხედავად ამ მძიმე შეცდომისა, ჩემი აზრით შეუბღალავია. მათ ან უკანონო, ფარული მიყურადება ჰქონდათ, ან ზეწოლის შედეგად მოიპოვეს. ეს არის საფუძვლიანი ვარაუდი.
მეორე საკითხი, რატომ არც კი განხილულა ეს „ევროპული საქართველოს“ მხრიდან? რადგან იქამდე ყველა ჩვენი პრეზენტაციისას ან კომუნიკაციისას PVT არსად არ მოგვიხსენებია, როგორც არგუმენტი ან ინსტრუმენტი იმ ტიპის გაყალბებასთან მიართებაში, რასაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე. კარუსელს ვგულისხმობ და რიგ შემთხვევაში, ჩაყრასაც. სადაც მოსყიდულია დამკვირვებლების დიდი ნაწილი, ამას ვერ აკონტროლებ და აჯამებ ამ ოქმებს. ხმის კონტროლის კარუსელი ე.წ. ივანიშვილის კარუსელს რომ უწოდებენ, იქ ხომ საერთოდ არაფერ შუაშია PVT. ჩვენ ვეყრდნობით ორ რამეს. ვადარებთ ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს ამ არჩევნების წინა, ცუდ არჩევნებს. ბატონმა კობახიძემ ბრძანა, სულ რამდენიმე უბანში იყო დისბალანსიო, ის გულისხმობს, როცა უკვე გაასწორეს და გარეცხეს, თორემ თავდაპირველად დისბალანსი იყო 1 100 უბანზე. აქედან 206 უბანზე იყო მეტი ბიულეტენი და ხელმოწერა, ანუ ჩაყრა. ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობი და იყო 8 000-ზე მეტი ცარიელი ან ნახევრად ცარიელი კონვერტი.
დაბოლოს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე და ერთი მკაფიო მაგალითი, „საერთაშორისო გამჭირვალობის“დამკვირვებლის გადაღებული ვიდეო, სადაც ჩაყრა ხდება. არა მარტო ამ უბნის შედეგები უნდა გაუქმებულიყო, არამედ უნდა დაწყებულიყო გამოძიება და წაეყენებინათ ბრალი ყველასთვის, ვინც ჩანს. არათუ გამოძიება არ დაიწყო, არამედ, სასამართლომ ამ უბნის შედეგები ძალაში დატოვა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სისტემური ამბავი იყო. მოვუწოდებ განსაკუთრებით ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ ეს კითხვა დაუსვან ბატონ კობახიძეს. ამ რეჟიმის პირობებში გამოძიებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“. მისივე თქმით, ბევრ დარღვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, არ შეუსწავლია და ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.