გიგა ბოკერია - კომიტეტის სხდომაზე საშუალება არ მოგვეცა, კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკისა და „თიბისის“ ხელმძღვანელობისთვის
გიგა ბოკერია - კომიტეტის სხდომაზე საშუალება არ მოგვეცა, კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკისა და „თიბისის“ ხელმძღვანელობისთვის

კომიტეტის სხდომაზე საშუალება არ მოგვეცა, კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკის, მამუკა ხაზარაძისა და „თიბისის“ ხელმძღვანელობისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულება კიდევ ერთი „სამარცხვინო ლუსტრაციაა, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისგან მოდის“.

„სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც იყენებს. დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტით გაგრძელებული უმრავლესობის წევრებით, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ არ სურთ, კიდევ მკაფიოდ გამოჩნდეს, როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტისა და მათი მმართველების წინააღმდეგ.

პარადოქსია, ამ საქციელით კიდე უფრო ნათლად ჩანს, რამდენად აშკარაა დაკვეთა, რომელიც სამწუხაროდ პარლამენტის კომიტეტმა შეასრულა, როცა საშუალება არ მოგვცა, კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკის, მამუკა ხაზარძისა და „თიბისის“ ხელმძღვანელობისთვის. ეს მძიმე დარტყმაა ცალკე პარლამენტარიზმისთვის, რადგან დღეს ითქვა, რომ ანგარიშვალდებულებაზე უარს იტყვიან, როცა ეს არ აწყობთ. ეს კიდევ ერთი უტიფარი დემონსტრირებაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა ყველა შტოს მიერ სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე რეალობაა. ჩვენ ამ ყველაფრის მხილება უნდა გავაგრძელოთ, სანამ სიტუაცია დემოკრატიული არჩევნების გზით არ შეიცვლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯარო განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ. სხდომის დაწყებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ არ მიაჩნდა ამ თემის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად. ამასთან, გვენეტაძემ  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანად შეაფასა.  დეპუტატების განცხადებებისა და კამათის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, საკითხის საჯაროდ განხილვა შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს.

კომიტეტის სხდომას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.