გიგა ბოკერია - არსებული პროცედურებითაც კი, რომელიც სრულად ვერ დაადგენდა გაყალბების მასშტაბს, ვერ გარისკეს და დაჩქარებულად, კანონის დარღვევით შეაჯამებინეს ცესკო-ს შედეგები
გიგა ბოკერია - არსებული პროცედურებითაც კი, რომელიც სრულად ვერ დაადგენდა გაყალბების მასშტაბს, ვერ გარისკეს და დაჩქარებულად, კანონის დარღვევით შეაჯამებინეს ცესკო-ს შედეგები

კახა კალაძემ მოკლეფეხებიანი სიცრუე თქვა, რადგან ცესკო-ს გუშინდელი სამარცხვინო გადაწყვეტილება დასტურია, რომ მათ ამ რისკზე წასვლაც კი არ უნდათ, – ასე გამეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებას უბნების გადათვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად და კანონის დარღვევით შეაჯამებინა ცესკო-ს არჩევნების შედეგები.

„რასაც კალაძე ამბობს, სიცრუეა. გუშინდელი ცესკო-ს სხდომის შემდეგ, საერთოდ რის საფუძველზე აგრძელებენ სიცრუის ამ ნიაღვარს, არ მესმის. იმ არსებული პროცედურებითაც კი, რომელიც ვერ დაადგენდა სრულად გაყალბების მასშტაბს, ვერ გარისკეს და დაჩქარებულად, კანონის დარღვევით შეაჯამებინეს ცესკო-ს.

რატომ ჩქარობენ, თუ მზად იყვნენ გრძელვადიანი გადათვლისა და შემოწმებისთვის?! იმიტომ, რომ პანიკაში არიან. ახლა სასამართლომ უნდა გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და სადაც ჩვენი საჩივრები შევიტანეთ, იქ უნდა მოხდეს ჩახედვა და ნახვა, რამდენად აშკარა და თავხედური იყო პირდაპირ ჩაყრა, თუმცა ეგეც ვერ მოიცავს მთელ სიდიდეს, რადგან გაკონტროლებული კარუსელი არის ბიულეტენების გაცვლა, ხომ იცით, რომ ერთ კაცს გამოაქვს, მაგრამ ივანიშვილის ამ უნიჭო კლოუნმა მოკლეფეხებიანი სიცრუე თქვა, რადგან ცესკო-ში გუშინ ნაჩქარევად, სამარცხვინოდ მიღებული გადაწყვეტილება დასტურია, რომ მათ ამ რისკზე წასვლაც კი არ უნდათ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციამ უარი თქვა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.