გიგა ბოკერია - ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ყველგან ვერ მოხდა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ ასეთი შემთხვევები არის უაშკარავესი
გიგა ბოკერია - ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ყველგან ვერ მოხდა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ ასეთი შემთხვევები არის უაშკარავესი

იაფფასიანი ხრიკია იმის თქმა, მოდი, ჯერ მოახდინე ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელსაც არ მიუღია ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან, და ამ პარლამენტის ფარგლებში შევისწავლოთ, იყო თუ არა დარღვევები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ყველგან ვერ მოხდა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება, თუმცა არსებობს ასეთი ვიდეო, რომელიც ერთ-ერთ უბანზეა გადაღებული.

„სერგი კაპანაძემ დააფიქსირა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. იაფფასიანი ხრიკია იმის თქმა, მოდი, ჯერ მოახდინე ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელსაც არ მიუღია ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან, და ამ პარლამენტის ფარგლებში შევისწავლოთ, იყო თუ არა დარღვევები. ჩვენ ხომ ზედაპირზე გვიდევს ყველაფერი. არსებობს ვიდეო – ბიულეტენებს ყრიან ერთ-ერთ უბანზე. ყველგან ვერ მოხდა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ ასეთი შემთხვევები არის უაშკარავესი.

რა კომისიის შექმნა სჭირდებოდა იმას, რომ ეს ხალხი უნდა ყოფილიყო გამოძიების ქვეშ, ბრალდებული და უკვე მსჯავრდებული ისეთი მტკიცებულება გვქონდა. ის ხმები, რომლებიც ჩაყარეს, გადაღებულია და არ უნდა ჩათვლილიყო. ჩვენ რა ვითარება გვაქვს? არათუ გამოძიება არ დაუწყიათ და ბრალი არ წაუყენებიათ, არამედ ის ხმები ჩათვლილია. რა კომისიის შექმნა უნდა ამას, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამ მთავრობას საპირისპირო პოლიტიკური ნება აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას შეფასებით, ყველა ცვლილებასთან ერთად, მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„რაც შეეხება კითხვას, საგამოძიებო კომისიის წევრებმა, თქვენი პარტიის წევრები თუ დაიბარეს მასალების გასაცნობად, თქვენ მიიტანთ თქვენს მტკიცებულებებს?“, – ბოკერია პასუხობს, რომ არ მივლენ კომისიის სხდომაზე, რადგან პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.

„არა, ჩვენ მათ ლეგიტიმურობას არ ვცნობთ. ბუნებრივია, არ მივალთ, მათ არ სჭირდებათ მასალების მიწოდება, ეს მასალები საჯაროა, რამე საიდუმლო სიებში კი არ აქვს ვინმეს შენახული. ჩვენ ყველამ ვნახეთ ის მაგალითი, რომელიც მოვიყვანეთ. ათასჯერ იყო ნაჩვენები ტელევიზიით, სადაც მოხდა ბიულეტენების ჩაყრა. ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ არის მოპოვებული. ამას არ სჭირდება კომისია, პროკურატურა ვალდებული იყო, გასაჯაროების შემდეგ გამოეძიებინა ეს ამბავი, თუმცა არ გამოიძია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.