გიგა ბოკერია - ერთია შეცდომა და მეორეა, როცა ხელისუფლებას ამ შეცდომის გამოყენება მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურების გამო სურს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება დამახასითებელია იმ ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისათვის, როდესაც ცდილობენ, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის ყველანაირი ვითარება გამოიყენონ.
„ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, როგორიც „სამართლიანი არჩევნებია“. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად, მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.