გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვის აუცილებლობა დადგეს
გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვის აუცილებლობა დადგეს

ზოგჯერ დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებშიც, თუ ძალიან შორს შევიდა ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის უსაქციელობა, იხილება ამ ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ის ინსტიტუციების ფუნქციების შეზღუდვის მომხრე არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკითხის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში.

„არჩევნებს აქვს შედეგები და ჩვენ ვიმკით იმ შედეგს, რომელიც დადგა არალეგიტიმური მეთოდებით, ძალადობით და მოსყიდვით. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, ვის ავირჩევთ ხოლმე. მე, ზოგადად არ მიყვარს, რომ ცუდი ადამიანი თუ მოხვდება არაშესაფერის თანამდებობაზე, ამის გამო ინსტიტუტების დაზიანება მოხდეს, ანუ წესები შეიცვალოს, ამის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, ზოგჯერ დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებშიც, ისტორიაში არის მაგალითი, რომ თუ ძალიან შორს შევიდა ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის უსაქციელობა და პოლიტიკური ზიანი, მაშინ იხილება ხოლმე ამ ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვაც. მე ამის მომხრე არა ვარ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამის აუცილებლობა დადგეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.