გია ვოლსკი - წარმოუდგენელია და არ არის მოსალოდნელი, რომ სტრასბურგის სასამართლოში უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ
სტრასბურგის სასამართლო ეს არის უმაღლესი დონის სასამართლო, სადაც დაუშვებელია, წარმოუდგენელია და არ არის მოსალოდნელი, რომ რაიმე უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ან რაიმე გაყალბებულ დოკუმენტებს მიიღებენ მხედველობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგში გამართულ განხილვაზე კომენტარისას განაცხადა.
„ჩვენი საქმე, თავად ქეისი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს მიერ, გამაგრებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის მატერიალური მტკიცებულებებით, ასე, რომ ჩვენი მოლოდინი მხოლოდ ის არის, რომ გადაწყვეტილება იქნება ის, რაც რეალურად მოხდა და რაც რეალურად არაერთხელ დააფიქსირა საერთაშორისო ფორუმებმა თუ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა.
ჩვენ ვიცით, რომ არის აგრესია, ჩვენ ვიცით, რომ არის ტერიტორიები ოკუპირებული, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოსახლეობა და არა მარტო ქართველები, ოსებიც, ადამიანის უფლებების დარღვევებით დამახასიათებელი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მათ შორის არის სიცოცხლის ხელყოფა, უფლებების ხელყოფა და დღესაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანები სერიოზულ დევნას და შევიწროებას განიცდიან.
მე ვიცი, რომ გარკვეული დრო დასჭირდება სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად, მაგრამ რეალობა და კონტურები ყველაფრისა, რაც მოხდა, იმდენად ნათელია, რომ ვერ წარმომიდგენია, რა მტკიცებულება შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რომ ეს რეალობა შეცვალოს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.