გია ვოლსკი - ტრაგედიით სპეკულირება არის არასწორი, გარდაცვლილი ადამიანებისა და მათი ახლობლების შეურაცხყოფა
გია ვოლსკი - ტრაგედიით სპეკულირება არის არასწორი, გარდაცვლილი ადამიანებისა და მათი ახლობლების შეურაცხყოფა

ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და გარდაცვლილი ადამიანების, მათი ახლობლების შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლითაც ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას კომენტარს გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ეს არის თემა, რომელიც მორალურადაც მნიშვნელოვანია და აღნიშნული საკითხის სესიასთან დაკავშირება, არის სპეკულაცია.

ვოლსკი ამბობს, რომ ტრაგედიის მიზეზების შესწავლა უნდა მოხდეს.

„ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც გარდაიცვალა, მათი ახლობლების. ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია მორალურადაც და დასკვნებია გასაკეთებელი, რა მოხდა. შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს, არც იყო მოსალოდნელი, რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. კომიტეტი არ არის, დარგი არ არის, საკითხი არ არის ისეთი, რომლის განხილვაც საგანგებო მნიშვნელობის არ იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ადგილობრივი თვითმმართველობა, საგარეო თუ სხვა საკითხები. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, რომ ბოიკოტირება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მომხდარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელი სესია გადაედო.