ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო
ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო

ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის გეგმების შეცვლა ბაღდათში წუხელ მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ამასთან, გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დღევანდელი სესია გადაიდოს.

„ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე, მინდა, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდო, დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, ვფიქრობთ, რომ უკვე ხვალ, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება და წესით, ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, 10:00 საათზე, ჩვეულებისამებრ, ჩვენ კვლავ შევიკრიბებით, გავაპროტესტებთ იმ უმსგავსობას და მოვითხოვთ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს.

მინდა, ჩვენს პარლამენტს ვთხოვო, გადადოს სხდომა ნიშნად ერთსულოვნებისა, რომ ყველა ვართ ტრაგედიის წინაშე სოლიდარული და თანაზიარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს პლენარული სხდომით გაიხსნება. ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავდა.

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მომხდარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.