გია ვოლსკი - ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევის წინაშე ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე დგას
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა არის საერთაშორისო ტერორიზმი, საქართველო აქაც მოწინავე პოზიციებზე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიშზე, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.
„ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოძიება, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება და როგორც მიჩვეული ვართ უკვე, ღირსეული პარტნიორობის თემაზე არაერთი მოხსენება და ანგარიში გამოქვეყნდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის. მნიშვნელოვანია რასაკვირველია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა არის საერთაშორისო ტერორიზმი და საქართველო აქაც მოწინავე პოზიციებზე დგას. ეს აღნიშნულია მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“,- განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.