სუს-ი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა
სუს-ი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს საქართველოში, კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში შესული არაერთი ცვლილების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში, უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა; ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სამწლიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების კუთხით; არის კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი განაგრძობს აღჭურვილობისა და ტრენინგების რეგულარულად მიღებას. ტერორიზმის გამოწვევებზე საპასუხოდ ერთიანი სამთავრობო მიდგომის აუცილებლობიდან გამომდინარე, იანვარში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია პასუხისმგებელია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ზედამხედველობასა და შესრულების სტატუსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაზე. 2019 წელს საქართველომ, ასევე, ჩაატარა წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავდა იმ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერებას, რომელთა მანდატიც დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო კვლავინდებურად რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად. 2019 წელს საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველომ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არაერთ ორმხრივ კონტრტერორისტულ სწავლებასა და ტრენინგში“,- აცხადებენ სუს-ში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავინდებურად განაგრძობდა სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერებას.

„ნოემბერში საქართველოს უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურისა და საქართველოს მოქალაქის – ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ ბარა შიშანის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინაში დაკავების საქმეზე.

ანგარიშში ნათქვამია რომ, 2019 წელს საქართველო კვლავინდებურად განაგრძობდა ძალისხმევას ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით და აქცენტს აკეთებდა ინიციატივებზე საგანმანათლებლო, სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის, უმცირესობათა კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების, მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი ღონისძიებების, და სოციალური და რეგიონალური ინტეგრაციის კუთხით. 2019 წელს საქართველო განაგრძობდა მუშაობას საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი პროექტების მიმართულებით, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ეუთო-სთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, და საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მონაწილეობით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან – სუამ-თან.

ნოემბერში საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად უმასპინძლეს სემინარს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომელიც ჩატარდა საქართველოში და ეხებოდა მედიის როლს ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

2019 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის მესამე და მეოთხე პლენარულ სხდომებში. ასევე, საქართველოს სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართული იყო სუამ-ის ფარგლებში კონტრტერორისტული სამუშაო ქვეჯგუფის 22-ე და 23-ე შეხვედრებში.

ივნისში საქართველომ და ეუთო-მ ერთობლივად უმასპინძლეს სემინარს ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის თემაზე. სემინარზე, რომლის მსგავსი ღონისძიებაც თბილისში პირველად ჩატარდა, ყურადღება გამახვილდა პრევენციაზე ორიენტირებულ ზომებზე, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის მთავარ კომპონენტზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მიიღო „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტური მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმების შექმნას, აძლიერებს სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, ხოლო ანგარიშვალდებული პირების სია ახალი კანონით მოიცავს სადაზღვევო ბროკერებს, საადვოკატო ბიუროებსა და სერტიფიცირებულ ბუღალტრებს“,- აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი