გია ვოლსკი - შეგვიძლია, „ევროპის სახალხო პარტია“ დავამშვიდოთ, მმართველი გუნდის კანონპროექტი გაემართება რევიზიისთვის როგორც ვენეციის კომისიაში, ასევე ეუთო/ოდირის ფორმატში
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები სამართლებრივ ნორმებზეა დაფუძნებული, თუმცა მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები იქნება საინტერესო.
გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
„არაფერი შესაშფოთებელი არ არის. „ევროპის სახალხო პარტია“ ყოველთვის მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზმი, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, კიდევ უფრო დავამშვიდოთ, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაემართება რევიზიისთვის როგორც ვენეციის კომისიაში, ასევე ეუთო/ოდირის ფორმატში.
დარწმუნებული ვარ, რომ ხინჯი არა აქვს ამ კანონპროექტს, ვინაიდან ლოგიკურიც არის და სამართლებრივ ნორმებზეც არის დაფუძნებული, თუმცა კიდევ ერთხელ, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები იქნება საინტერესო“, – განაცხადა ვოლსკიმ.