გია ვოლსკი  ,,საქართველოს პატრიოტებში" მმართველი გუნდის რომელიმე წევრის გადასვლას გამორიცხავს
გია ვოლსკი ,,საქართველოს პატრიოტებში" მმართველი გუნდის რომელიმე წევრის გადასვლას გამორიცხავს

პოლიტიკური უზნეობა მგონია, ხელოვნურად ვიღაცას დეპუტატი ასესხო. რეალურად, ამას ადგილი არ ექნება, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა მმართველი გუნდის რომელი წევრი „საქართველოს პატრიოტებში” გადავიდეს ამ ფრაქციის შენარჩუნების მიზნით.

„ამ თემაზე საუბარი არ არის. დავით ჭიჭინაძეს იმ პერიოდში უმრავლესობის დატოვება უნდოდა, დატოვა და იმ ფრაქციაში გადავიდა. პოლიტიკაში გუნდის გარეშე ყოფნა, განსაკუთრებით პარლამენტში, საკმაოდ რთულია. პიროვნულად ვერ მივესალმები ვერანაირი ფრაქციის დაშლას. ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტშია, უნდა ჰქონდეს შესაბამისი დრო და ადგილი ბიუროში თუ სხვა სტრუქტურებში. საზოგადოების მხრიდან არჩევნების დროს გამოხატული მოთხოვნიდან გამომდინარე, სრული სპექტრი უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ პოლიტიკური უზნეობა მგონია, ხელოვნურად ვიღაცას დეპუტატი ასესხო, ან რაღაც დათმობაზე წახვიდე. რეალურად, ამას ადგილი არ ექნება,” – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ  „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დღეს დატოვა. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციური ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება. რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს კი ხუთი დეპუტატი ჰყავს.

„საქართველოს პატრიოტები“ საშემოდგომო სესიაზე პროტესტის ნიშნად ნატო ჩხეიძემ დატოვა, რომელიც ფრაქციაში დავით ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.