გია ვოლსკი - სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები ინტენსიურად გაგრძელდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს, რომ დარგები რაღაცნაირად დაკნინებული იქნება.
გია ვოლსკი ადასტურებს პირველი არხის ინფორმაციას განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების თაობაზე, ასევე ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სფეროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.
„ამის თაობაზე მოსაზრებები გამოთქმული იყო, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება. სამი კვირის განმავლობაში ამ თემაზე ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება”, – აცხადებს ვოლსკი.
დეპუტატის ცნობით, უმრავლესობის სხდომაზე გარკვეული მოსაზრება გამოითქვა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლტოლვილთა სამინისტროს გაერთიანების თაობაზეც.
„ამის თაობაზე ითქვა, ხომ არ გაერთიანდეს. მოსაზრებების დონეზეც კი ჯერ კიდევ ბევრი საკითხია ჩამოუყალიბებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. მისივე თქმით, სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს.