გია ვოლსკი - ორცხობილისა და მათრახის გამოთქმა არ ეკუთვნის მხოლოდ ხელისუფლებას, ეკუთვნის მთელ საქართველოს და საკმაოდ შეურაცხმყოფელია
ორცხობილა და მათრახის თემა არის კალკირებული გამოთქმა რუსულიდან და ნიშნავს, რომ მიიღებ ორცხობილას, თუ კარგად მოიქცევი და მიიღებ მათრახს, თუ ცუდად მოიქცევი, სწორედ ეს არის შედეგი, რასაც დღეს ვუყურებ, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს გამოთქმა ეკუთვნის მთელ საქართველოს და საკმაოდ შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით გია ვოლსკი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „საქართველოსთან უნდა გამოიყენონ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დარწმუნდნენ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს“.
ვოლსკის თქმით, ევროპასთან საქართველოს ურთიერთობა არ განისაზღვრება იმ ჩარჩოებში და იმ ფორმულირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თავის მეზობელ ქვეყნებთან.
„საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორცხობილა და მათრახის თემა არის კალკირებული გამოთქმა რუსულიდან „Кнут и пряник“ და ნიშნავს იმას, რომ მიიღებ ორცხობილას, თუ კარგად მოიქცევი და მიიღებ მათრახს, თუ ცუდად მოიქცევი, სწორედ ეს არის შედეგი, რასაც დღეს ვუყურებ და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს გამოთქმა არ ეკუთვნის მხოლოდ ხელისუფლებას, ან უმრავლესობის მხარდაჭერას, ეს ეკუთვნის მთელ საქართველოს და საკმაოდ შეურაცხმყოფელია.
ერთი უნდა ახსოვდეთ, რომ ევროპასთან საქართველოს ურთიერთობა არ განისაზღვრება იმ ჩარჩოებში და იმ ფორმულირებითმ, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თავის მეზობელ ქვეყნებთან. ასე რომ, დაფიქრდნენ ასეთი გამოთქმების გაკეთებამდე. გარდა ამისა, არის სამართლებრივი ნაწილი, რომელშიც საქართველო არის მართალი, არის სწორი და ზუსტად იმ განაჩენს ასრულებს, რომელიც გამოიტანა სასამართლომ. მათ შორის ერთი განაჩენი არის ვერდიქტის შესაბამისი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთან უნდა გამოიყენონ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დარწმუნდნე, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს.
ევროპარლამენტარებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს. ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოსა და უკრაინაზე გაამახვილა ყურადღება. კრამონი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის დიფერენციაცია საჭიროა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა რეფორმებისა და დასავლური ორიენტაციის საკითხებში უფრო წინ არის, ვიდრე სხვები.