გია ვოლსკი - მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში, კანონი უნდა აღვასრულოთ
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ჩვენ მოგვთხოვს პასუხს მთელი საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კენჭისყრის საკითხი განიხილება.
მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში.
„რამდენჯერმე ითქვა სიტყვა ფორმალური, მაგრამ რეალურად მაშინ ჩვენ ოპოზიციიდან არც ვიცე-სპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები არ უნდა ავირჩიოთ, უნდა გავაჩეროთ პარლამენტის საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც ითქვა, არჩევნებია ჩასატარებელი. ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს იმის წინაშეც ჩვენ ვართ ვალდებულები, აბა ეს ფრაქცია მოვა თუ არ მოვა, ხმას მიცემს თუ არ მისცემს, რა მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ამიტომ გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ, ამას გვთხოვს საზოგადოება და რაც არ უნდა ემოციურად დატვირთული იყოს ეს ვითარება, რეალობა ეს არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.
ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.
დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.
სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.
საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.