გია ვოლსკი - მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა აუცილებელია და არ გამომდინარეობს იქიდან, რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე რომელიმე ოპონენტ პოლიტიკურ ძალას
გია ვოლსკი - მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა აუცილებელია და არ გამომდინარეობს იქიდან, რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე რომელიმე ოპონენტ პოლიტიკურ ძალას

„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა აუცილებელია და ეს არ გამომდინარეობს იქიდან, თუ რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე რომელიმე ოპონენტ პოლიტიკურ ძალას.

მისივე თქმით, რეფორმა არ გაჩერებულა, თუმცა საქართველოს მართლმსაჯულება საერთაშორისო რეიტინგებში უკვე დიდი ხანია, მოწინავე პოზიციებს იკავებს.

„მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა არ გამომდინარეობს იქიდან, თუ რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე ჩვენს რომელიმე ოპონენტ პოლოტიკურ ძალას. ეს აუცილებელია, ამის გაკეთება სჯობს ინტენსიური კამათის და პოლემიკის პირობებში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები თავის ვალდებულებებზე უარს არ იტყვიან. ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის, ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

რეფორმები არ გაჩერებულა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება საერთაშორისო რეიტინგებში უკვე დიდი ხანია, მოწინავე პოზიციებს იკავებს, პირველ ოცეულში ადგილს მუდმივად მყარად იკავებს. გასაკეთებელი, რასაკვირველია, გვაქვს და ჯობია, ეს ოპონირების რეჟიმში გაკეთდეს.

როდესაც პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, ნებისმიერი საკითხი უნდა იყოს განხილული. ელჩები სახელმწიფოებს და სახელმწიფოთა გაერთიანებებს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ მთავარი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომელიც მართლმსაჯულებასაც დახვეწილს, უფრო მაღალ დონეზე ითხოვს, ვიდრე დღეს არის, ასევე განათლების სისტემას, სოფლის მეურნეობასაც და ნებისმიერ სხვა დარგს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის განმარტებით, მთავარი წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხია.

„პრაქტიკულად, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც არ ეთქვას, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, მიუხედავად გადაცდომებისა. გადაცდომების გადამოწმებაზე ოპონენტთა ჯგუფის მიერ უარის თქმა სწორედ ამის აღიარებას ნიშნავს. მაგრამ ფაქტია, აქ მკაფიო წითელი ხაზი გაევლო, ერთი მხრივ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და სახელისუფლებო გუნდის პოზიციას და მეორეს მხრივ ოპონენტთა დიდი ჯგუფის პოზიციათა შორის.

ეს მხოლოდ ლოკალურ, ადგილობრივ სიტუაციას არ შეეხება. პრობლემა გაცილებით ფართოა.  გავაკეთოთ ანალიზი, ვის სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში, რომელიც უშველებელი საერთაშორისო პროექტის საგანგებო ნაწილად იქცა სულ ახლახანს, როდესაც კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსები საქართველოს გავლით გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით დასავლეთის ბაზრებს მიეწოდება. ვის აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია და მთლიანად რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერება? ამის ანალიზი აუცილებელია დასკვნების გამოსატანად. თუ რატომ უჭერს დასავლეთი მხარს იმ პოზიციას, რასაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის შეფასებით, ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილის მიზანი დესტაბილიზაციაა.

„არ არის აუცილებელი, ყველა ლიდერმა ამის შესახებ იცოდეს. რეალურად მიმდინარეობს მსიფლიო დონის დაპირისპირება, სადაც საქართველო საგანგებო მნიშვნელობის სექტორი და ფლანგია. ამ ფლანგზე გამარჯვება იმ ძალას უნდა, რომელიც კავკასიაში სამხედრო მშენებლობის გეგმას ისახავს მიზნად და რეალურად ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მისი შემდგომი მიზანია, დესტაბილიზაცია მოახდინოს და აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ დესტაბილიზაციაში ხელს უწყობს ის კლასტერი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ჩამოყალიბდა. ამას ყველას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, ვინ დგას ერთ მხარეს და ვინ მეორე – ვირუსის და დესტაბილიზაციის მხარეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.