გია ვოლსკი - მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში,ზოგადად დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან, ვიდრე სასამართლო არ დაადგენს, რამდენად არის კავშირში ტერორისტულ აქტივობებთან
მალხაზ მაჩალიკაშვილი არა თუ პარლამენტში, სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებშიც არ უნდა იყოს დაშვებული, ვიდრე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკის განმარტებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად აქვს კავშირი მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტულ აქტივობებთან.
„იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, ვფიქრობ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნას ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობის შესასვლელთან იმყოფებოდა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვდა.
თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი.
დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე თინა ბოკუჩავასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მდინარაძის სამუშაო კაბინეტთან.
მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიების შეწყვეტას სამარცხვინო ფაქტს უწოდებს და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს.