მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვს
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში დღეს პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი.

შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ის ადგილიდან ცოტა მოშორებით გაიყვანეს.

ამ წუთებში პარლამენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„საგამოძიებო კომისია მაინც შეიქმნება, იშლება „ქართული ოცნება“ და კომისიის შექმნისთვის საკმარისი ხმები არსებობს“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და სასამართლოს.

„რასაც ვითხოვ, იმის ერთი პროცენტიც რომ გამოიძიოს პარლამენტმა, სიმართლე დადგინდება. შედგეს საგამოძიებო კომისია“ ,- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მან პროკურატურის გუშინდელ განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

დატოვე კომენტარი