გია ვოლსკი - კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც გიორგი მარგველაშვილი იყენებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყენებს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადი ახირება არ არის, საზოგადოებამ იცოდეს, რას აპირებს გიორგი მარგველაშვილი.
„კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც იყენებს. არ ვიცი, რას აპირებს და განწყობილი არ ვარ, რომ ყოველთვის კრიტიკული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ის ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ამბობს. სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. პირადი ახირება არ არის, ვიცოდეთ, რას აპირებს. რაც უფრო მეტი გაირკვევა, მით ნაკლები დაძაბულობა იქნება საზოგადოებაში. არანაირი პირადი არ მაკავშირებს არც მარგველაშვილთან და არც ოპონენტებთან“, – აღნიშნავს ვოლსკი.
დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არც „ქართული ოცნებაა“, რაც კარგი არ არის.
„უნდა ჩამოვყალიბდეთ და მკაფიო პოზიცია ვთქვათ, რას ვაპირებთ და დავასაბუთოთ, რადგან ამას საზოგადოება ელოდება“, – ამბობს ვოლსკი.
ამასთან, კანონმდებელი საპრეზიდენტო არჩევნების 28 ოქტომბერს დანიშვნასაც აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ადრე დანიშნულიყო, მაგრამ თარიღი ოპტიმალურია და კანდიდატებმა საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა მოახერხონ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, წინასაარჩევნო კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს.