გია ვოლსკი - ანგარიშსწორების გაცილებით დახვეწილი მეთოდები ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს დივერსიაზე ლაპარაკობს 
გია ვოლსკი - ანგარიშსწორების გაცილებით დახვეწილი მეთოდები ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს დივერსიაზე ლაპარაკობს 

ხანძარი საშინელებაა და იმ ხახლსითვის, ვინც გარკვეული ზარალი განიცადა, ეს ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ჩაინა ლილო სითიში“ ხანძრის გაჩენით თუ კი დივერსიაა განხორციელებული, ეს ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, არის ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ხელისუფლება ამ შემთხვევში არა თუ დაინტერესებული შეიძლება იყოს ასეთ უბედურებაში რაც მოხდა, არამედ ყველაზე უფრო ადვილად გასაკრიტიკებელი ობიექტია. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება აწყობდეს, ასეთ სკანდალურ ვითარებაში, მით უმეტეს არჩევნების წინ, ესენი არიან ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ებრძვის, მათ შორის ასეთი დაუშვებელი მეთოდებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დივერსია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს. გადავხედოთ იმ ხალხის წრეს, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს. რაც შეეხება მფლობელებს, ანგარიშსწორების გაცილებით უფრო დახვეწილი მეთოდები ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხმამაღლა ლაპარაკობს და არ მგონია, რომ ცეცხლია წაკიდება ის მეთოდია, რომლითაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.

აღნიშნული მოსაზრება უარყო „ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავამ. ღაჭავა ხანძრის მიზეზად დივერსიის დასახელებას არასწორად მიიჩნევს.  ამ საკითხზე კომენტარი ლაურა ღაჭავას შვილმა, გიორგი კოდუამაც გააკეთა. როგორც მან განაცხადა, დივერსიაზე ვერაფერს იტყვის და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.