გია ვოლსკი - ირაკლი შოთაძის გადადგომა მეორეხარისხოვანი საკითხია, გაცილებით მძიმე ადამიანურ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მეორეხარისხოვანი საკითხია – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც პირველ არხთან საუბარში ვოლსკიმ აღნიშნა, გადადგომა ემოციურიც არის, ადამიანურიც და პროფესიონალის გადადგმული ნაბიჯიც, რომელიც ფიქრობს, რომ გამოძიებას ხელი დააკლო.
„ამ შემთხვევაში, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. გაცილებით მძიმე ადამიანურ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის თანამდებობიდან გადადგომაა. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და კომისია ამის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც ირაკლი შოთაძის განცხადებაშია აღნიშნული, ის დარწმუნებულია, რომ თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
ამასთან, დღეს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.