პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირა.

დეპუტატებმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. საკითხს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტს კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება და თავმჯდომარის არჩევა მოუწევს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისისიის შექმნის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.