გია ვოლსკი - გუშინ პარლამენტში მომხდარი ნიშნავდა ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლ კოალიციას“
გია ვოლსკი - გუშინ პარლამენტში მომხდარი ნიშნავდა ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლ კოალიციას“

გუშინ იყო აბსოლუტურად უტიფარი, ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადებები და შეტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩათვალა, რომ ხმა მიეცა კანდიდატებისთვის და შესრულებულიყო ევროკომისიის პრინციპული რეკომენდაცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შეტევა და იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ასევე ვისაც ხმა მისცეს, დაუმსახურებელი და უსაფუძვლო იყო.

„ეს ყველაფერი ლუსტრაციას ნიშნავდა, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლ კოალიციას“. მათი მიზანია, რეკომენდაციები არ შესრულდეს და არ დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს იმდენად ნათელი გახდა, რომ არ ვიცი, გუშინდელი სკანდალიდან როგორ შეიძლება გამოვიდნენ. თქვეს, რომ იყო გარიგება, ფული გადაიხადეს, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. სრულიად უნამუსო და უტიფარი განცხადებები გააკეთეს. არ შეიძლება, ასეთი გარიგება შემდგარიყო. ასეთი გარიგება არ ყოფილა, ეს არ არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც აღზევებული და დაკავებული იყო გარიგებებით და ხალხის დაშინებით, ინტრიგებით. მათ სხვა რესურსი არ ჰქონდათ. თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ასე უკეთესია, რომ რეკომენდაცია შესრულდეს, რატომ შეიძლება იმ იდეას უპირისპირდებოდეს, რაც აქვთ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.