გია ვოლსკი გიგა ბოკერიას - ქვეყანაში არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, შე ყეყეჩო ადამიანო
შუალედური არჩევნების მეორე ტურში საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების უფრო გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია და ამჟღავნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესების ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული და ხშირად პროვოკაციული ვითარების მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს გაცილებით უფრო მეტი ურთიერთლოიალობა გააჩნია, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ.
„ეს აშკარად ჩანდა ყველგან, სადაც ჩატარდა არჩევნები, ყველგან, ვგულისხმობ დღევანდელ პარლამენტსაც. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ რთულ და წინააღმდეგობებით, გამოწვევებით აღსავსე გარემოში მართვის მექანიზმები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და არა რევოლუციურ სცენარებს, საღად აფასებს წარსულს და მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს – ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი. ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს, 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს – ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა, იქნება ეს ადამიანის უფლებების, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები. უფრო მეტიც, არა თუ შეაფასეს საკუთარი თავი, არა თუ შალვა შავგულიძის სახით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძის რენომე, თუკი რაიმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ.
ყველამ, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში, მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა ვუთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც, რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისთვის გარკვეული მიზეზები გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არამარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებითა და უზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალი ტრენდი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შვილები ერთ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ერთ სკოლებში და ერთ საბავშვო ბაღებში უნდა იარონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკიმ სიტყვით გამოსვლისას უპასუხა გიგა ბოკერიას პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში არიან კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები გუგული მაღრაძე, კარლო კოპალიანი და ცეკა-ს ინსტრუქტორი გია ვოლსკი.
„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს. არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არიან პატრიოტები და რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორიც თქვენ ხართ“, – მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.
ამასთან, გია ვოლსკის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია გამოეხმაურა, რის შემდეგაც დეპუტატებს შორის პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბოკერიამ ვოლსკის უზრდელი უწოდა; “შე ყეყეჩო ადამიანო“,- მიმართა ბოკერიას ვოლსკიმ.