გია ვოლსკი - „ევროპული საქართველო“ ფაქტობრივად ხალხს ეუბნება, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნან, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა
„ევროპული საქართველო“ ხალხს ეუბნება, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნანმ თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისადმი უარყოფითად აფასებს.
„ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას ცუდად შევაფასებ, რადგან ფაქტობრივად ხალხს ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნან იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა. „ქართულმა ოცნებამ“ 50 პროცენტს უნდა გადააჭარბოს, რათა ქვეყანაში კრიზისი არ დაუშვას. ეს ორიენტირი ისედაც გვქონდა, მაგრამ ამ დესტრუქციულმა შემოძახილმა კიდევ უფრო დაგვაფიქრა ამ თემაზე. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი სწორად შეაფასებს იმ საშიშ განცხადებას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ.