გია ვოლსკი - ერთ მხარეს დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“
გია ვოლსკი - ერთ მხარეს დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“

არ დარჩენილა არც ერთი კვლევა, მათ შორის არც მათ მიერ დაფასებული ორგანიზაციები, სადაც ხალხი პირდაპირ არ ეუბნება ოპოზიციას, რომ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა ვიდავოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა.

„ესენი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მონაცემებს ყველაზე მეტად ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“ და პროპაგანდის გარკვეულ ფორმასაც წარმოადგენს მათი ციფრების წარმოჩენა. არ დარჩენილა არც ერთი კვლევა, მათ შორის არც მათ მიერ დაფასებული ორგანიზაციები, სადაც ხალხი პირდაპირ არ ეუბნება ოპოზიციას, რომ პარლამენტშია ის ადგილი, სადაც უნდა ვიდავოთ.

გარდა ამისა, არა მარტო „აიარაი“ და „ენდიაი“, ერთ მხარეს დარჩა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არათუ არ გაყალბებულა, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ბრიუსელში და ვაშინგტონში სხვა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით, სხვა პოზიცია აქვთ კახეთის გზატკეცილზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ვოლსკი ფიქრობს, რომ არჩევნების წინ რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება.

„რაც შეეხება წინასაარჩევნოდ რეიტინგს, რთულად მისაღწევია ზუსტი ინფორმაციის მიღება. მე ვფიქრობ, ამ ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, ხალხი მაინც არ ხედავს გამოსავალს სადისტური პარტიის გამარჯვებაში, მაინც ენდობა იმ პარტიას, რომელმაც გაცილებით მეტი სიკეთე მოიტანა ქვეყანაში, ვიდრე გასული 20 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, არჩევნების წინ რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 პროცენტი კატეგორიულად არ ეთანხმება, 18 პროცენტი კი, მეტ-ნაკლებად.

ამასთან, კვლევის მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 18 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ კი სამი პროცენტი.

ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტულ პარტიას“ – ორი პროცენტი, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი. არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.