გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის, დესტრუქციის, საზოგადოების ფენების დაპირისპირების სტრატეგია წარმოდგენს ერთადერთ საშუალებას, რომ იქნებ, ამ ამღვრეულ წყალში პოლიტიკური თევზი დაიჭირონ
გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის, დესტრუქციის, საზოგადოების ფენების დაპირისპირების სტრატეგია წარმოდგენს ერთადერთ საშუალებას, რომ იქნებ, ამ ამღვრეულ წყალში პოლიტიკური თევზი დაიჭირონ

ამ თითქოსდა მოსმენების თემით უნდათ, წინასაარჩევნოდ იმ სადისტური მმართველობის პერიოდის მთელი რიგი ეპიზოდების საპირწონე შექმნან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჯერ ერთი, როგორ უნდა გამოიძიო ფურცელზე დაბეჭდილი დიალოგის ავთენტურობა? ეს ადამიანები არიან პროფესიონალები ნამდვილ მოსმენაშიც, ფალსიფიცირებული, ყალბი მოსმენების ფაილების შედგენაშიც და საერთოდ, რასაც ჰქვია ადამიანის დევნა, მისი უფლებების დარღვევა, ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წართმევა. პროფესიონალები შეიკრიბნენ დღეს და გვამუნათებენ, თითქოს, ისეთი რაღაც ხდება, რაც საზოგადოების ინტერესებს უპირისპირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი აზრით, გავრცელებული მასალები ფალსიფიცირებულია, ვოლსკიმ განაცხადა, რომ რასაკვირველია, ეს მასალები ფალსიფიცირებულია.

„შეგვიძლია, მე და თქვენ, თქვენი თანამშრომლები დავსხდეთ, სულ რამდენიმე კაცი დაგვჭირდება, საბეჭდი მასალა და ნებისმიერ ფაილს გავაკეთებთ. მუდმივად ამ სიტუაციაში ყოფნა, დესტაბილიზაციის, დესტრუქციის, არეულობის, საზოგადოების ფენების დაპირისპირების სტრატეგია, რასაკვირველია, წარმოდგენს ერთადერთ საშუალებას, რომ იქნებ, როგორმე, ამ ამღვრეულ წყალში რამე პოლიტიკური თევზი დაიჭირონ. მე ასე მგონია, რომ პასუხები კომპეტენტურმა სტრუქტურამ უნდა გასცეს, მაგრამ იმას, რაც გამოაქვეყნეს, როგორც იტყვიან, გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი არ აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, რა ამოიკითხა მიხეილ სააკაშვილის ჯარისადმი მიმართვიდან, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ასეთი მიმართვა შემაძრწუნებელი იყო იმ მხედართმთავრის მხრიდან, რომელიც მიწაზე ხოხავდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი გმირების ცხედრები აგვიტოს მზის ქვეშ მიატოვა ბრძოლის ველზე და დღეს ჰყოფნის უტიფრობა, რომ ჯარს მიმართოს, ჩემს პოლიტიკურ გუნდს მხარი დაუჭირეთო. მეორეც, ჯარი არ უნდა იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული. ეს არა მარტო უტიფრობაა, არამედ ანტისახელმწიფოებრივია. მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაზე შეტევა. იმ ადამიანებზე, რომლებიც აი, ამ უშველებელ ტურბულენტურ ზონაში, რაც მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მსოფლიო ომის პირობებში, ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებაზე 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ და მათ ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.