გია ვოლსკი - საეჭვოა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს თავს აწონებდნენ პროდასავლურობით, ზოგი პრორუსულობითა და ნეიტრალური სტატუსის მოგონებით, ახლა გაერთიანებას ცდილობენ
კარგია, თუ ერთიან მაჟორიტარებს შეარჩევენ, თუმცა ცოტა საეჭვოა, ადამიანები ერთმანეთს თავს აწონებდნენ ზოგი პროდასავლურობით, ზოგიერთი პრორუსულობით, ნეიტრალური სტატუსის მოგონებით და ახლა ცდილობენ, გაერთიანდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციური პარტიების მიზანია პარლამენტში შესვლა და არ ფიქრობენ, რამდენად სტაბილური მთავრობის შექმნა შეუძლიათ.
ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი მიესალმება იმას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების პროცესში ჩაერთვებიან.
„კარგია, თუ ერთიან მაჟაროტირებს შეარჩევენ, თუმცა ცოტა საეჭვოა, რომ ადამიანები ერთმანეთს თავს აწონებდნენ ზოგი პროდასავლურობით, ზოგი პრორუსულობით, ზოგი რაღაცა ნეიტრალური სტატუსის მოგონებით და ეს ხალხი ახლა ცდილობს, რომ გაერთიანდეს და მოიპოვონ ისეთი რაოდენობა წარმომადგენლობის, რომ თავად დააკომპლექტონ მთავრობა, რაც არის კიდევ ერთი ინდიკატორი, თუ რა სჭირდება ამ ხალხს – პარლამენტში შემოსვლა და შემდეგ აღარ ფიქრობენ იმაზე, რამდენად სტაბილური მთავრობის შექმნა შეუძლიათ. თუკი შეთანხმდებიან კანდიდატურებზე, რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ არჩევნების პროცესში ჩაერთვებიან“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
თუმცა, ვოლსკის განმარტებით, პიკეტირება, ბოიკოტირება, რევოლუციური სცენარების განვითარება დემოკრატიულ პროცესთან შეუსაბამოა.
„ის, რაც შეეხება ჩართვის მექანიზმს, პიკეტირება, ბოიკოტირება, რევოლუციური სცენარების განვითარება შეუსაბამოა იმასთან, რასაც დემოკრატიული პროცესი ჰქვია. ეს არის ფაქტი. ისინი არ აკეთებენ პარლამენტის პიკეტირებას, ისინი პიკეტირებას უკეთებენ იმ კანონებს, რომლებიც უნდა შეეხოს ყველას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა მიიღოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე. ასე რომ, შევეჯიბროთ ერთმანეთს პოლიტიკურ ასპარეზზე და მოვიპოვოთ ხალხის მხარდაჭერა, თუ კი ჩვენი პროგრამები შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესთან“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.