გრიგოლ ვაშაძე - შევთანხმდით, მაჟორიტარულ ოლქებში გვყავდეს ერთიანი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება
გრიგოლ ვაშაძე - შევთანხმდით, მაჟორიტარულ ოლქებში გვყავდეს ერთიანი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქციები, პიკეტირება და მაქსიმალურად გამოიყენებენ პარტიები თავიანთ რესურსებს.

მისივე თქმით, გავლენ რეგიონებშიც, რათა მოქალაქეებს აუხსნან, რომ მათი აქტიურობის დროა.

„პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება? საპროტესტო აქციების გაგრძელება, პიკეტირების, მიტინგების ყველგან, სადაც შესაძლებელი არის და არ აქვს აქ მნიშვენელობა, რომელი მიიღებს მონაწილეობას და რომელი არა, ყველა გაერთიანებული ვართ, მაქსიმალურად რესურსებს ჩავრთავთ. მეორე, გავდივართ რეგიონებში, რომ ყველას ავუხსნათ საქართველოს მოქალაქის აქტიურობის დრო. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და მათი გაერთიანება ვერაფერს გააკეთებს, თუ მოქალაქე არ გამოვიდა ლეთარგიული ძილიდან, რადგან ბიძინა ივანიშვილი მათ შვილებს და შვილიშვილებს პარავს დროს და ფუჭად ხარჯავს მათ ცხოვრებას“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, 4 აპრილს 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

„4 აპრილს, ოთხ საათზე თბილისში გვექნება უზარმაზარი აქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გავაცნობთ ოპოზიციის მოქმედებების სტრატეგიას და ტაქტიკას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მაქსიმალურ რაოდენობაზე ჰყავდეთ ერთიანი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება.

„შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მაქსიმალურ რაოდენობაზე უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ოლიგარქიულ რეჟიმს, უკვე ძირში გამომპალს, თავიდან მოვიშორებთ“,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.