გია ვოლსკი - არავისთან ვალში არ ვართ, არც იმ ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნან, მათ შორის გეგა გეგეშიძესაც ვგულისხმობ
არავისთან ვალში არ ვართ, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოში შეიძლება ისე იმოქმედონ, კანონები იგნორირებული იყოს და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნან, მათ შორის გეგა გეგეშიძეს ან სხვა ნებისმიერ ადამიანს ვგულისხმობ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპონენტები ბედავენ და ამბობენ, თითქოს ხელისუფლება ვინმესთან ვალშია.
„ამ ადამიანებს უამრავი დანაშაული არ მოეკითხათ, რომელიც ჩადენილი აქვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ. კორცხელის ინციდენტზე იყო რეაგირება. მონაწილეობა ორივე მხრიდან იყო. იყო სერიოზული პროვოკაცია. ზუსტად ის სურათი მაგონდება, როცა ეკლესიას ანგრევდნენ ვითომ უდანაშაულო ადამიანები და მათ მიერვე პროვოცირებულ სიტუაციას შორიდან უყურებდნენ. ასეთი სპექტაკლები უკვე გავიარეთ, მათ შორის კორცხელში. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხისმგებელი პირები უნდა გამოიკვეთონ და ყველამ, განსაკუთრებით ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო სტაბილურობის მთავარ ფუნდამენტზე დგას და თუ ეს ასეთი ხულიგნური გამოხტომებითაც შეირყევა, ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ დააკავეს.