გია ვოლსკი - ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, თუნდაც, ყოფილი მენეჯერის
გია ვოლსკი - ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, თუნდაც, ყოფილი მენეჯერის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა რომელიმე კერძო პირის, თუნდაც, ყოფილი მენეჯერის.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეპუტაციის შელახვა ის მანიპულაციაა, რომელიც 17 მილიონი დოლარის მოძრაობასთან დაკავშირებით ჩატარდა.

მისი თქმით, თუ დანაშაულის ნიშნები არსებობს, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს, რა სახის პოლიტიკური კონიუქტიურაც არ უნდა იყოს შექმნილი.

„ვხედავ ჯგუფს, რომელიც ადრე ხელისუფლებაში იყო, ახლა ოპოზიციაშია და მათი ინტენსიური მცდელობაა, ქვეყანა როგორმე დააზარალონ. ქვეყანა ვალდებულია, ყველა სახის შესაძლო დანაშაულს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გასცეს. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს მიუხედავად იმისა, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე განაცხადებს თუ არა. პროექტის მენეჯმენტი ერთია, მაგრამ პროექტის მთავარი წამყვანი სახელმწიფოა, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს. ამ ინტერესებს ყველა მისი პარტნიორი ქვეყნა ითვალისწინებს. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა ვინმე კერძო პირის, თუნდაც, ყოფილი მენეჯერის”, – აცხადებს ვოლსკი.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ  გადასცეს.