14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გია ვოლსკი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს დასწრებას აიძულებენ.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს არასწორი განცხადებაა. „ქართული ოცნების“ აქტივი, ვინც მხარს უჭერს და ის ხალხი, ვინც არანაირ აქტივად არ არის გაერთიანებული, აუცილებლად ჩამოვა. საკმაოდ ბევრია მსურველი. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე იგეგმებოდა და მოსალოდნელი იყო. მსურველთა რაოდენობა იმდენია, რომ ტრანსპორტის რაოდენობა არ შეესაბამება მათ რაოდენობას. აუცილებელი არ არის ყველა დედაქალაქში მოხვდეს. თავის ქალაქებშიც შეუძლიათ აღნიშნონ.
ვინმეზე იძულება არ არის საჭირო. 2012 წელს დავამთავრეთ, რასაც ადამიანის იძულება ჰქვია. თუ კი ვინმე ასეთი ადამიანი არსებობს, ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და დამერწმუნეთ, შესაბამის ზომებსაც მივიღებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით. 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.
როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ახალგაზრდების ინიციატივას უერთდება.