კახა კალაძე - 14 დეკემბერის აქცია გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და იქცა ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად, ვისთვისაც ევროპული მომავალი ღირებულია
კახა კალაძე - 14 დეკემბერის აქცია გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და იქცა ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად, ვისთვისაც ევროპული მომავალი ღირებულია

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ახალგაზრდების ამ ინიციატივას უერთდება.

„საქართველო ევროპის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება. ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიწვევთ „ქართული ოცნების“ კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.

საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდებ საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს მობრძანდით, მობრძანდით ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.