გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ბევრი ადამიანი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ბევრი ადამიანი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ბევრი ადამიანი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი თბილისის მოქმედი მერის კახი კალაძისა და ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„გამოხატვის ფორმაზე შეფასება არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ამ მძიმე თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ძალიან გული მწყდება, რომ უზნეობა ამ საკითხზეც არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე დღეს „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.  შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.